მატარებლით მგზავრობისას ალბათ ყველას შეგინიშნავთ წიფის გვირაბის გაჩერებაზე მარჯვენა მხარეს მდგომი ქვის ობელისკი. ბევრს ალბათ კითხვაც გასჩენია, თუ რას წარმოადგენს ეს ნაგებობა.
აღნიშნულის შესახებ ხალხში შემორჩენილია ამბავი წიფის სარკინოგზო გვირაბის ინჟინერზე, რომლის გათვლებმაც გვირაბის ორი ბოლოს ერთმანეთისთვის სწორად შეერთება ვერ მოახერხა და ამის გამო თავი მოიკლა, შემდეგ კი იქვე დაასაფლავეს და ობელისკიც მის საფლავზე აღმართეს.
თავი იმ პერიოდში მართლაც მოულლავს ერთ–ერთ ინჟინერს – გვირაბის საქმეებიდან ფულის გაფლანგვის გამო თბილისში. სწორედ ეს ფაქტი დაედო საფუძვლად ხალხში გავრცელებულ ამბავს.
სინამდვილეში კი ამ ძეგლის ისტორია შემდეგნაირია:
სურამის (წიფის) გვირაბის მშენებლობა 1886 წელს დაიწყო და 1890 წელს დასრულდა.ამ გვირაბს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მთელი ამიერკავკასიისათვის. მშენებლობას ხელმძღვანელობდა პოლონელი ინჟინერი ფერდინანდ რიძევსკი. სწორედ ამიტომ, 1890 წლის 16 სექტემბერს წიფის გვირაბი თვით რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III–მ გახსნა. ზუსტად ამ ფაქტთან დაკავშირებით და იმპერატორის საპატივცემულოდ გვირაბთან ახლოს აღიმართა ეს ობელისკი.
ვარლამ გურგენიძის მიერ შემონახულ ცნობებში ვკიხულობთ: "სარკინიგზო გვირაბის დამთავრების შემდეგ, თბილისის ვაჭართა დეპუტაციამ მეფის ნაცვალს მიმართა წინადადებით, რომ მეფის კავკასიაში ყოფნა რაიმე ძეგლით აღენიშნათ, რისთვისაც ვაჭრები მზად იყვნენ გაეღოთ თავიანთი წილი თანხა. მეფისნაცვალს ეს აზრი ძალიან მოეწონა და გადაწყდა, რომ ყველაზე დიდ ნაგებობასთან, რომელიც კი მეფემ ინახულა, დაედგათ ობელისკი. მართლაც 1893 წლის ივლისში წიფის გვირაბთან ობელისკი აღიმართა."
გაზეთი "ნოვოე ობოზრენიე" წერს განსხვავებულ ვერსიას: "1899 წლის 22 ივლისს, ხუთშაბათს, დღის 12 საათზე, ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ წიფის მახლობლად, გვირაბის შესასვლელთან, აკურთხეს და გახსნეს ობელისკი, რომელიც აღმართეს მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ალექსანდრე III-ს 1888 წლის 12 ოქტომბერს წიფის გვირაბის მშენებლობის დათვალიერების სამახსოვროდ.
ობელისკი დამზადებულია რუხი გრანიტისაგან, შედგება ხუთი მთლიანი ქვისგან, თითოეული 600-დან 900 ფუთამდე იწონის. იგი გრანიტის კვარცხლბეკზე დგას. წვერზე აქვს მოოქროვილი სფერო, რომელსაც დიდი შავი არწივი აზის. ობელისკის სიმაღლე სამ საჟენზე მეტია. დაფაზე ეწერა: "этот обелиск выстроен в 1893м году 22-го июля бцт её величество матери императора Николая II-го Марий Фёдоровной, которая остановилась в 1888м году 12-го октября для осмотра тонеля"."
გავიდა წლები. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს ობელისკს შავი ორთავიანი არწივი და მემორიალური დაფა მოხსნეს. ამის შემდეგ ამ ძეგლს შეცდომით საფლავის ქვად თვლიდნენ.
ობელისკზე ბრინჯაოს აბრის გაკეთება იმ დროს დაემთხვა, როცა ალექსანდრე III გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი ნიკოლოზ II.
ამჟამად ობელისკის წვეროზე შეინიშნება ლითონის სფეროზე მიმაგრებულ რკინის ღერო,რომელიც სავარაუდოდ რუსეთის იმპერიის სიმბოლოს, ორთავიანი არწივის სამაგრს წარმოადგენდა.
დგას ობელისკი წიფის გვირაბთან,
როგორც დიდების გამონაშუქი,
დგას ობელისკი და ეფერება
მას რიკოთის ცის ლურჯი სალუქი.
დგას ობელისკი, როგორც ლეგენდა,
ანდა ლეგენდის გამოსხივება,
დგას ობელისკი რადგანაც ხალხმა,
რადგანაც ხალხმა ასე ინება.
შენ ფიქრობ: _ ნეტავ რისთვის აღმართეს
ეს მშვენიერი ძეგლი წარსულის,
დღესაც რომ გვხიბლავს და ჩვენს გულებში
რაღაც გარდასულ დრამას ასრულებს.
ამგვარი ობელისკები უხვადაა გაბნეული ყოფილ რუსეთის მაშინდელი იმპერიის ტერიტორიაზე. გთავაზობთ ფოტომასალას როგორც წიფის, ასევე მისი მსგავსი ძეგლების გამოსახულებით
წიფის ობელისკი
სანკტ–პეტერბურგი სანკტ–პეტერბურგი "უნივერსიტეტის სანაპირო"
სანკტ–პეტერბურგში "რუმიანცევებზე გამარჯვება" ჰელსინკი (ფინეთი) "იმპერატრიცას ობელისკი"
მასალა მოამზადა – გივი კურტანიძემ ©
|