ქვეყნად ბევრია დაბაც, ქალაქიც შენზე დიდები ათჯერ, ათასჯერ, მაგრამ მე შენი ოდა–სახლები სულ მირჩევნია ყველა ცათამბრჯენს. მე მხოლოდ აქ ვგრძნობ თავს ბედნიერად, მე შენს ხრიოკებს ვერ შეველევი, მე ჩემებური სიყვარული მაქვს, და სხვას იქნება ვერც შევედრები, მაგრამ ნუ მიწყენ უბრალო მოკვდავს, თუ ისე ვერ ვთქვი რისი ღირსიც ხარ, მთავარი არის შვილი ვარ შენი, და გულში მუდამ ხატად მიზიხარ. მე შენი ძე ვარ,მწყემსი ვარ შენი, შენი ჭირის და ლხინის მოწილე, ჩემთვის სამშობლო იწყება შენით და მინდა ბევრი მყავდეს მოცილე. მე ერთი ქვა ვარ შენი მდინარის ჩხერიმელა რომ ქვია სახელად, წყალს ნუ გამატან,გამომიყენე შენი კედლების ასამაღლებლად. მე მტევანი ვარ შენი ვაზისა სიმინდის ყანის ერთი მარცვალი, შენი ფესვიდან აღმოვცენდი და შენს მიწაში ვარ დასამარხავი. ნაპერწკალი ვარ მე პაწაწინა, როცა დაგჭირდეს ცეცხლად მაქციე, ოღონდ იმ ცეცხლით მოიგერიე და მტერი შენი უკუაქციე. ქვეყნად ბევრია დაბაც, ქალაქიც შენზე დიდები ათჯერ, ათასჯერ, მაგრამ მე შენი ოდა–სახლები სულ მირჩევნია ყველა ცათამბრჯენს.
გურამ სახვაძე
|