შემოდგომის ქარი ფოთოლს გულზე აკრავს,
თითქოს ფარავს დასველებულ იარებს,
ჩემი ცაცხვის ხეივანი მომენატრა,
ქუჩის ბოლოს ისევ გამოგიარე.
ამ საღამოს იდუმალი ფიქრი ახლავს
დაღალული ჭადარივით შრიალებს,
სადღეგრძელოს არაერთხელ გეტყვი ახალს,
შენთან დავცლი ღვინით სავსე ფიალებს.
სანთელივით მინდა მენთო მხოლოდ გულში,
სიმღერის და ძმობის დღესასწაულო,
მეც სუყველას,ისევე შენს სიყვარულში,
ვეცილები ჩემო ხარაგაულო.
სულ მახსოვხარ მხიარული მასპინძელი,
სხვა ბავშვური მოგონებაც კარგია,
კვლავ გეზრდება მომავალი,თუმცა ძველი
ბევრი ნაღდი შვილიც დაგიკარგია.
შენი დილა გაფრენას ჰგავს თეთრი გედის
ცხრათვალა მზე სხივებს ააბრიალებს,
გულში გიკრავ რახანია,თუმცა ბედის
კარუსელი ისევ აღარ ტრიალებს.
ვეფხვია ღონღაძე
|