იმ სანახებში,რასაც დღეს სასახლეს ეძახიან,წინად სოფელი ყოფილა და ბუაჩიძეებს უცხოვრიათ,იქაურები თავისუფალი გლეხები ყოფილან,გადმოცემით,მეფესაც კი არ ემორჩილებოდნენ.
ერთ თავადს უთხოვია იმერეთის მეფისთვის, – დამრთე ნება და მე დავიმორჩილებ იმ ურჩებსო.
მეფეს მიუცია დასტური და აღუთქვამს, თუ დაიმორჩილებდა,მასვე უბოძებდა ყმებად, თავადი ორი შეიარაღებული მხლებლით მისდგომია იქაურ მცხოვრებლებს, განუცხადებია: – დღეიდან მე ვიქნები თქვენი ბატონი. ამ ადგილზე მეფის სასახლე უნდა ავაგოთ, თქვენ კი სხვა ადგილებზე დაგასახლებთო.
–კეთილი და პატიოსანი,მაგაზე უკეთესი რაღა იქნებაო. რაღაი პატრონი გაგვიჩნდა, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო.,– მიუგებებია ათანე ბუაჩიძეს.–ამ სასიხარულო ამბავს ფარცხნალში ჩემ ძმას,ლაზარესაც შევატყობინებო და უფრენია კაცი მასთან.–ახლავე აქ ამოდიო,დიდი ბატონი გვესტუმრა,საკადრისი დახვედრა უნდაო.
ლაზარე ღონიერი ვაჟკაცი ყოფილა,შეუტყვია ეს ამბავი თუ არა,ჩაუცვამს არსენა ოძელაშვილის ნაჩუქარი შარვალი,რომელიც მაშინ უჩუქებია არსენას,კახეთიდან იმერეთში რომ ბრუნდებოდა ფეხშიშველი.
გზის პირად არსენას პურმარილი ჰქონია გაშლილი. ლაზარე რომ დაუნახავს,მოსწონებია,მიუწვევია და გამასპინძლებია. დახეული შარვალი შეუნიშნავს ლაზარესთვია,თავისი ახალი შარვალი მიუწოდებია,გაისინჯე,თუ მოგერგებაო,ლაზარეს ჩაუცვამს და მასზე გამოჭრილივით ყოფილა.
–არ გაიხადო,მიჩუქნია შენთვისო,–უთქვამს არსენას,–ლხინსა და ქორწილში გაგეცვითოსო.
ლაზარეს მადლობა მოუხსენებია, ახლა სწორედ ამ შარვლით ხლებია თავადს. მდაბლად მისალმებია:–ნება დამრთე, ბატონო,ფეხზე გემთხვიოო...ცხენზე მჯდომი თავადის ვითომდა ფეხზე სამთხვეველად რომ დახრილა,უტაცნია ფეხში ხელი,გადმოუთრევია უნაგირიდან და დაუწყია ცემა.დანარჩენები მხლებლებს მისევიან,ისე დაუბეგვავთ სამივენი,ცოცხალმკვდარები დაბრუნებულან მეფესთან.ამის შემდეგ სხვებსაც ვეღარ გაუბედავთ მათი დამორჩილება.
ამგვარად,შეუნარჩუნებიათ თავისუფლება.
იმ ადგილითვის კი დაცინვით სასახლე შეურქმევით.
გივი ვეფხვაძის წიგნიდან – ''მახსოვს ხარაგაული... ახმედ გოგოლაძე''
''ცაცხვის წყარო'' სოფ. ფარცხნალი (აგებულია იაკო შარიქაძის მიერ 1923 წელს)
|