სამშაბათი, 16.04.2024, 18:27
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

                             



                    საფეხბურთო კლუბი ''ჩხერიმელა''



      მაშინ, როცა მთელი საქართველო საფეხბურთო ციებ–ცხელებაში იყო ჩართული, დაბა ორჯონიკიძეში 1981-82  წლებამდე, შესაბამისად არც საფეხბურთო მოედანი და არც საფეხბურთო გუნდი არ  არსებობდა.
    ცხადია ამ პრობლემის მოგვარება ადგილობრივი ქომაგისთვის მნიშვნელოვანი იყო.
    ხარაგაულელი ფეხბურთელის,  სოსო აბაშიძის აქტიურობის წყალობით 1981 წელს ორჯონიკიძეში მოედნის მშენებლობა დაიწყო.
      საქმე იმაში იყო, რომ იმ ადგილას სადაც ამჟამად სტადიონია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა იგეგმებოდა, შედეგად მჭიდროდ განაშენიანებულ დაბაში საფეხბურთო მოედნისთვის ადგილი აღარ რჩებოდა. 


    როგორც თავად სოსო იხსენებს, ამის საწინააღმდეგოდ მან წერილი მისწერა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრს იაკუშინს: "–თუ ხარაგაულში სპორტული მოედანი არ იქნება, საჭიროების შემთხვევაში 100 მეტრიან ნორმატივსაც კი ვერავინ ვერ ჩააბარებსო". მოხერხებულად მოფიქრებულმა ტექსტმა გაჭრა, შედეგმაც არ დააყოვნა და მოსკოვიდან ზარი თბილისის "ცეკაში" გაისმა. სულ მალე დაბა ორჯონიკიძეში საფეხბურთო მოედნის მშენებლობა დაიწყო.
     1982 წელს დაბა ორჯონიკიძეში სოსო აბაშიძემ, თავის ძმასთან, ასევე ფეხბურთელ მურთაზ აბაშძესთან ერთად ჩამოაყალიბა საფეხბურთო გუნდი  „ჩხერიმელა"
      ამ დროისათვის საფეხბურთო მოედნის მშენებლობა დასრულებული არ იყო. ვერ მოხერხდა მოედნის საფარის მოწესრიგება. გუნდი 1982 წლიდან 1984 წალდე საშინაო მატჩებს ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის სტადიონზე მართავდა.
      დაბა ორჯონიკიძეში კი სტადიონის მშენებლობა ნელი ტემპით მიმდინარეობდა. მოედნის მწვანე საფარი მწყობრში 1984 წლის გაზაფხულიდან ჩადგა, რამაც  „ჩხერიმელას" მეტოქეების საკუთარ კედლებში მიღების საშუალება მისცა, მაგრამ ამ დროისათვის სტადიონზე ტრიბუნები არ არსებობდა. 

    „კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება დაბა ორჯონიკიძეში სტადიონის საკითხი, თუ მისი მინდორი ასე თუ ისე აკმაყოფილებს მოთხოვნებს და წელს მასზე გაიმართება სპორტული შეჯიბრებები, იმის გამო, რომ ტრიბუნების მოწყობისათვის არ არის საჭირო თანხები, სტადიონის მთლიანად დამთავრება კიდევ რამდენიმე ხნით გადაიდება."  – (ორჯონიკიძის გაზეთში „ლენინის დროშით" შაბათი, 4 თებერვალი 1984.)
     ტრიბუნების დასრულება 1987 წელს მოხერხდა. 4 სექტემბერს სტადიონი საექსპლოატაციოდ გადაეცა. 6 სექტემბერს კი განახლებულ სტადიონზე „ორჯონიკიძის „ჩხერიმელამ" ქარელის „იბერიას" უმასპინძლა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
    აი რას ვკითხულობთ გაზეთში „ლენინის დროშით" (სამშაბათი, 1 სექტემბერი 1987 წ.)
„ დღეს ზეიმია დაბაში, ახდა დიდი ხნის ოცნება, გვაქვს კოხტა სტადიონი, მრავალი თაობის ნატვრა იყო ეს, მონდომებამ და საქმის სიყვარულმა, შემართებამ და ვაჟკაცურმა სულმა თავისი გაიტანა, – ფრთა შეასხა ნაოცნებარს! ... „
    დაბა ორჯონიკიძის ცენტრალურმა სტადიონმა განახლების შემდეგ არაერთ დასამახსოვრებელ მატჩს უმასპინძლა, თუმცა დროდადრო თავი იჩინდა სხვადასხვა პრობლემებმა: როგორც 1990 წლის გაზეთი „ხარაგაული" გვამცნობს ჩხერიმელას დაბაში არ ჰქონდა სავარჯიშო მოედანი და მოთამაშეებს ვარჯიში მთავარ გაზონზე უწევდათ. ამას ისიც ემატებოდა, რომ მოედნის აღმოსავლეთი მხარე (მდინარე ჯიხველას სანაპირო) დაუცველი იყო. სტადიონს არ ჰქონდა საშხაპეები. აღნიშნული პრობლემების მოგვარება გუნდს საკუთარი სახსრებით უნდა მოეხერხებინა, რაც მაშინდელი პირობების გათვალისწინებით ძალიან ძნელი იყო.
      90–იანი წლების ბოლოს სტადიონი ფაქტიურად უპატრონოდ დარჩა. საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას" ამ დროისთვის არსებობა შეწყვეტილი ჰქონდა. მოედანს კი ადგილობრივი სპორტსკოლა უვლიდა. 
   მოედანზე მატჩებს მართავდა „ნორჩი ჩხერიმელა". ყოველი წლის გაზაფხულზე იმართებოდა ფეხბურთის ჩემპიონატი რაიონის სკოლებს შორის, ზაფხულობით კი რაიონის საფეხბურთო ჩემპიონატი სოფლებსა და დაბის უბნებს შორის.  დანარჩენ დროს მოედანი ბალახის გაუკრეჭავობის და მოუვლელობის გამო თითქმის გაუვალი იყო.
       ასე გრძელდებოდა ათ წელზე მეტი დროის მანძილზე. 
       2007 წელს სტადიონს მიენიჭა „ჩხერიმელას" ერთ–ერთი დამაარსებლის, სოსო აბაშიძის სახელი.
       2008 წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით მოხერხდა საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას" აღდგენა. 2008-09 საფეხბურთო სეზონიდან „სოსო აბაშიძე" საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის ზონალური ტურნირის მატჩებს მასპინძლობს.
       2009-10 სეზონიდან ხარაგაულელები პირველ ლიგაში აღზევდნენ. საჭირო გახდდა მოედნის სათანადო სტანდარტებში მოქცევა.     
       2010 და 2011 წლებში სტადიონზე ეტაპობრივად განხორციელდა სარემონტო სამუშაოები.  შერემონტდა და შეიღება ტრიბუნები, მოემატა დასაჯდომები (500 მაყურებელამდე), განახლდა მოედნის საფარი, მოწესრიგდა გასახდელები და საშხაპეები.   
       2011 წლის 14 აგვისტოს მოედანმა პირველად უმასპინძლა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მატჩს „ჩხერიმელასა" და ზუგდიდის „ბაიას" შორის.
      ამჟამად მოედანი აკმაყოფილებს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მატჩების მასპინძლობისათვის დაწესებულ ნორმებს.

სტატიის ავტორი - გივი კურტანიძე




სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024