სერბეთის ქალაქ ზრენჯანინში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 21 ივნისს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდა ხარგაულელი თედორე ებანოიძე. მას დებიუტი ჰქონდა ამ რანგის პირველობაზე, თედომ საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც სათავეში ნუგზარ სხირელი უდგას გუნდურ ჩათვლაში, 63 ქულით პირველი ადგილი გაიყო რუსეთთან.
ტურნირის დასრულების შემდეგ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ ევროპირველობის საუკეთესო მოჭიდავედ საქართველოს ნაკრების წევრი დავით მარსაგიშვილი დაასახელა. 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად ოთხი გამარჯვება მოიპოვა, ოთხივე ფავორიტთა შორის მოაზრებულ მოწინააღმდეგეებთან და რაც მთავარია, ყველას ისე აჯობა, არათუ სეტი, ერთი ქულაც კი არ დაუკარგავს.
ახალგაზრდა მოჭიდავეები 26-31 ივლისს ბუქარესტი ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.
სერბეთიდან დაბრუნების შემდეგ, ახალგაზრდა მოჭიდავეებს ფედერაციის ხელმძღვანელებთან და მწვრთნელებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი სამინისტროში შეხვდა.