სოფელ უჩამეთში ვერტიკალური კლდის ასე ოთხმოცი მეტრის სიმაღლეზე მოჩანს ორი სარკმელითა და კარის მსგავსი ჭრილით, ქვითა და აგურით მიშენებული კედელი, რომელსაც ბუნებრივი და ხელოვნური კლდის ღრუ საცხოვრებელ დარბაზად გადაუქცევია, სადაც ლეკიანობის დროს თავს იფარავდნენ გატაცებისაგანო,, გვიამბობენ უცამეთლები. ამიტომ მისთვის კლდის სახლი შეურქმევიათ, შიგ დგმულა: აკვანი, დოქი და სხვა საოჯახო ნივთები.
ნაირმალი
ივლისის თვეში ძველად კახორზე აღნიშნავდნენ რელიგიურ დღესასწაულს – კვირიკობანას. წინა ღამით შესაწირავებითა და პურმარილით დატვირთული მახლობელი სოფლების მორწმუნენი ესტუმრებოდნენ ხოლმე ამ ყოველმხრივ შემკობილ წალკოტს. ათევდნენ ღამეს, მართავდნენ ლხინსა და დროსტარებას. ფარცხნალელებს ახსოვთ – ყოველ კვირიკობას კახორზე მოდიოდა ერთი ირემი. რადგან არავინ ერჩოდა, უშიშრად გაივლ–გამოივლიდა, მოძოვდა ბალახს, დაწვებოდა ხის ჩრდილში. მორწმუნეთ სჯეროდათ, ნადირობის ღმერთისგან იყო ის კახორისთვის შემოწირული. მაგრამ ურწმუნო მონადირეს მოუკლავს ირემი. იმ ადგილისათვის ნაირმალი შეურქმევია.
გივი ვეფხვაძის წიგნიდან – ''მახსოვს ხარაგაული... ახმედ გოგოლაძე''