დღეს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას 23 ნოემბერს აღნიშნავს , 6 მაისს კი მისი თავის კვეთას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიში აღნინიშნება, საქართველოში რომ განსაკუთრებულად დიდ პატივს მიაგებენ წმინდანს ეს XVIII საუკუნის ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებიდანაც ჩანს. "არა არს საქართველოში არცა მთანი და არცა მაღალნი ბორცვნი სადაცა არ იყოს ტაძარნი ანუ ნიშანი წმიდისა გივარგისანი”. წმინდა დიდმოწამე გიორგი მუდმივი შემწე იყო ქართველი ერის, ისტორიული წყაროები გადმოგვცემენ ფაქტებს მისი შეწევნის შესახებ დიდგორის ომში, რომელსაც შემდგომში "ძლევაი საკვირველი" ეწოდა. წმიდა გიორგის წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქალაქში არის შემონახული, მაგრამ მუხლის ნაწილი წლების განმავლობაში ინახებოდა სიონის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო როდესაც წმინდა სამების საკათედრო ტაძარი იკურთხა, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით მუხლის ნაწილი სამებაში იქნა დაბრძანებული. საგულისხმოა წმინდა გიორგის უკანასკნელი ლოცვა ქრისტესადმი, იგივე თხოვნა და ანდერძი, სადაც ის მაცხოვარს თხოვს: "შემხებელი ჩემს ნაწილზე, სარწმუნოებით განკურნე და თითოეული ნაწილი ძვლისა ჩემისანი ჰკურნავდეს სარწმუნოებით შემხებელ სნეულს”. და ეს მართლაც, რომ ასე ხდება. მრავალი ადამიანი განკურნებულა წმინდანის ნაწილთა შეხებით.
ყველას გილოცავთ მთავარმოწამე გიორგის უდიდეს დღესასწაულს, ღმერთმა წმინდა გიორგის მეოხებით დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო.
ავტორი – გივი კურტანიძე
|