შაბათი, 20.04.2024, 11:04
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  დეკემბერი 2022  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2022 » დეკემბერი » 2 » ვიკინგები ხარაგაულში (2004 წ.)
13:50
ვიკინგები ხარაგაულში (2004 წ.)

  პროფესორ მატს გ. ლარსონის ინიციატივით, საქართველოს, 2004 წელს შვედური სამეცნიერო ექსპედიცია "ვიტფარნე" ესტუმრა, ექსპედიციის მეთაური იყო ჰოკან ალტროკი.     ექსპედიციის მიზანი ვიკინგური ხანის ქართულ-შვედური კონტაქტების შესწავლას იყო.

  1983 წელს, შვედმა მეცნიერმა, პროფესორმა მატს გ. ლარსონმა გამოთქვა ვარაუდი, რომ X-XI  საუკუნეების მიჯნაზე ვიკინგებმა კასპიის ზღვამდე ჩასასვლელად სამხრეთ კავკასიის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს მარშრუტის გამოყენება დაიწყეს. ეს ვარაუდი ემყარებოდა ორ წყაროს: რუნიკულ წარწერებსა და სკანდინავიურ საგას ინგვარის შესახებ. საგა აღწერს ინგვარის მარშრუტს, რომელიც, მატს გ. ლარსონის აზრით, საქართველოს მდინარეების გავლით კასპიის ზღვამდე მოგზაურობას შეესაბამება. ეს მოსაზრება ლარსონს ქართული წყაროების შესწავლამაც გაუმყარა. „ქართლის ცხოვრებაში“ ნახსენებია 3000 ვარანგი (ვიკინგების ქართული სახელწოდება), რომელიც საქართველოში შემოვიდა და ქუთაისთან ახლოს მდებარე სოფელ ბაშში დაბანაკდა. შვედი მეცნიერების ერთი ნაწილი თავის დროზე ლარსონის ამ   ჰიპოთეზას სკეპტიკურად შეხვდა. ერთ-ერთი სადაო საკითხი ის იყო, რამდენად შეძლებდნენ ვიკინგები თავიანთი ნავებით საქართველოს მეჩხერ მდინარეებზე გადაადგილებას.

მატს გ.ლარსონმა თანამოაზრეებთან ერთად გადაწყვიტა ექსპერიმენტული სამეცნიერო ექსპედიციის მეშვეობით დაემტკიცებინა თავისი ვარაუდი. გადაწყდა ინგვარის მარშრუტის აღდგენა და განმეორება.

2004 წელს მოეწყო სამეცნიერო ექსპედიცია „ვიტფარნე“, რომელშიც გამოცდილმა შვედმა მეზღვაურმა და მოგზაურმა ჰოკან ალთროკმა და უპსალას უნივერსიტეტის მკვლევარებმა მიიღეს მონაწილეობა. ექსპედიციისთვის დამზადდა არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნი ვიკინგების მსუბუქი ნავის ზუსტი ასლი, რომლითაც ცურვა შესაძლებელი იყო როგორც ზღვაში, ასევე, მდინარეებზე, ამასთან, ადვილი იყო ამგვარი ნავების ხმელეთზე ხელით გადატანა. ექსპედიცია შვედეთში, კუძულ გოტლანდზე დაიწყო, შემდეგ რუსეთისა და უკრაინის მდინარეების გავლით ჩავიდა შავ ზღვამდე, ჩაუარა უკრაინის, რუსეთისა და საქართველოს საზღვაო სანაპირო ზოლს და აუყვა რიონს ქუთაისამდე. ამის შემდეგ, მდინარეების ყვირილასა და ჩხერიმელას გავლით, მივიდა ლიხის ქედამდე.

ჩხერიმელაზე მოგზაურობისას, მათ დახვედრა ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოუწყო. დაბა ხარაგაულიდან წასვლის შემდეგ, ლიხის ქედზე, ექსპედიციამ ნავი ხარებისა და მორების მარხილის მეშვეობით გადაიტანა, რის შემდეგაც მტკვარზე განაგრძო მოგზაურობა და ჩავიდა თბილისამდე. საბოლოოდ, თბილისიდან მტკვრის გავლით ექსპედიციამ კასპიის ზღვამდე მიაღწია, რითაც დაამტკიცა, რომ ინგვარს და ზოგადად, ვიკინგებს შეეძლოთ საქართველოს გავლით კასპიის ზღვამდე ჩასვლა.

აი, რას მოგვითხრობს ჯაბა სამუშია ჟურნალი ”ისტორიანის”, 2013 წლის იანვრის №1/25-ში: ვიკინგები საქართველოში და სასირეთის ბრძოლა ევროპაში სახელგანთქმულმა ნორმანებმა მტკვრისა და თეძმის ხეობაში მარცხი იწვნიეს. IX საუკუნის დასავლეთ ევროპის კათედრალებსა თუ მონასტრებში ხშირად წარმოთქვამდნენ სავედრებელ ლოცვას: ”უფალო, შენ დაგვიფარე ნორმანთა მძვინვარებისგან”. ევროპული ქრონიკები ნორმანებად სკანდინავიიდან გამოსულ მეომრებს მოიხსენიებდნენ. მეორენაირად, მათ ვიკინგებსაც უწოდებდნენ. საუკუნეთა განმავლობაში ისინი ცეცხლითა და მახვილით არბევდნენ ევროპის ქალაქებსა და სოფლებს. დღემდე მსჯელობენ მეცნიერები, რამ განაპირობა ვიკინგთა ასეთი წარმატება. სამხედრო შეიარაღებაში მათ რამე განსაკუთრებული იარაღი არ გააჩნდათ, ისევე იყვნენ აღჭურვილი, როგორც სხვა დასავლეთევროპელი მეომრები. არც სამხედრო სტრატეგიასა და ტაქტიკაში შეუტანიათ ნორმანებს რევოლუციური ცვლილებები. მათი წარმატების ყველაზე დიდი საიდუმლო მდგომარეობდა ზღვაზე სწრაფ და მოხერხებულ გადაადგილებაში. ამიტომაცაა, რომ როცა ვახსენებთ ვიკინგს, სკანდინავიელ მეომარს, თვალწინ უპირატესად გულადი მეზღვაური წარმოგვიდგება. ვიკინგები პატარა გემებზე ამხედრებული, შენიღბვით, უცაბედად ესხმოდნენ თავს მოწინააღმდეგეს. VIII საუკუნიდან მოყოლებული, დღევანდელი სკანდინავიის ტერიტორიიდან ვიკინგთა სამხედრო აგრესია რამდენიმე მიმართულებით წარიმართა: ნორვეგიიდან და დანიიდან გამოსულმა მეზღვაურებმა ძირითადად თანამედროვე გერმანიის, საფრანგეთისა და ინგლისის სანაპირო ზოლის აოხრებას მიჰყვეს ხელი. შვედები აღმოსავლეთ ევროპის - კიევის რუსეთისა და სხვა სლავური სამეფო-სამთავროების დარბევით იყვნენ დაკავებული. IX საუკუნიდან მოყოლებული, ნორმანები დიდი მდინარეებით კონტინენტური ევროპის სიღრმეში იჭრებიან. ამავე დროს სკანდინავიელები ახერხებენ ინგლისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ პროვინციების დაპყრობას. ვიკინგთა სამხედრო რაზმები პატარა გემებით, რომელზეც 50-დან 100 მეომრამდე ეტეოდა და რომლის ქიმზე ურჩხული იყო გამოსახული, თანდათანობით გიბრალტარის სრუტით ხმელთაშუა ზღვის აუზში იკიდებდნენ ფეხს. სამხრეთ იტალიაში XI საუკუნეში ნორმანებმა საკუთარი სამეფოს შექმნა მოახერხეს. გადმოცემით, 1000 წელს ნორმანმა მეზღვაურებმა თვით ჩრდილოეთ ამერიკამდეც კი მიაღწიეს.

X საუკუნის II ნახევრიდან ვიკინგთა მრავალრიცხოვანი სამხედრო რაზმები მსახურობდნენ ბიზანიის იმპერატორის კარზე. ბერძნები მათ ვარანგებად იხსენიებდნენ. კონსტანტინოპოლში, ადგილს, სადაც ვარანგები - ვიკინგები ცხოვრობდნენ, ვაერინგჯა სკიფტი ან ვაერინგჯა სეტა ერქვა. დაქირავებულ მეომრებს სასახლისა და იმპერატორის დაცვა ევალებოდათ. ბიზანტიაში ვიკინგები ძირითადად რუსეთის გავლით ხვდებოდნენ. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც კიევისა და ნოვგოროდის დაწინაურება, ხოლო შემდეგ კიევის სახელმწიფოს ფორმირება ნაწილობრივ დაკავშირებულია ვიკინგებთან. პირველ რუს მთავრებსაც სკანდინავიური სახელები ერქვათ. ნაწილი მეომრებისა პირდაპირ კონსტანტინოპოლში მიდიოდა სამხედრო სამსახურში, ნაწილი ჯერ კიევში ჩადიოდა, ხოლო რაღაც დროის შემდეგ ბიზანტიაში გადადიოდა. იმპერატორის კარზე მყოფი რაზმები ივსებოდა ასევე სიცილიაში დამკვიდრებულ ნორმანთა ხარჯზეც. ქართველებს ვიკინგთა არსებობის შესახებ სწორედ ბიზანტიელებისგან უნდა გაეგოთ. ქართულ წყაროებში მოხსენიებული სახელი `ვარანგ~ბერძნული სახელწოდების ადეკვატურია.

ამავე პერიოდში, საქართველოს ეკონომიკური და კულტურული კავშირები ჰქონდა სლავურ სამყაროსთან, სადაც ვიკინგები მეტად პოპულარული იყვნენ. ასე რომ, სკანდინავიელი მეომრების ბრძოლისუნარიანობის, შემართების შესახებ ქართველებს უტყუარი ცნობები ექნებოდათ. სწორედ ამან განაპირობა კიდეც XI საუკუნის შუა ხანებში საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის გადაწყვეტილება, დაექირავებინა ვიკინგები - ვარანგები აჯანყებული კლდეკარის ერისთავის, ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ. XI საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში საშინელი ძმათამკვლელი ომი იყო გაჩაღებული. ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის მეთაურობით და განდგომილი ფეოდალი - ლიპარიტ ბაღვაში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ პირველობის მოსაპოვებლად. ამ ომმა შესვენებებით თხუთმეტ წელიწადს გასტანა. 1041 წელს მოხერხდა დაპირისპირებულ მხარეთა დაზავება, მაგრამ მშვიდობა ქვეყანაში დიდხანს არ გაგრძელებულა. 1045 წელს ლიპარიტ ბაღვაშმა ბიზანტიელთა მხარე დაიკავა და ბაგრატ IV-ს ანისის სომხური სამეფო დააკარგვინა. ამ ფაქტით ძმათამკვლელი ომის ახალი ეტაპი დაიწყო. იმავე წელს მოწინააღმდეგეებმა თავი აარიდეს ერთმანეთთან პირისპირ ბრძოლას. როგორც ბაგრატ IV-მ, ისე ლიპარიტ ბაღვაშმა ძალების მობილიზაციის ტაქტიკა არჩიეს. ლიპარიტმა დასახმარებლად ბიზანტიელებს უხმო. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება კი იმ დროს ბიზანტიიდან სამშობლოში მიმავალ ვიკინგებს დაუკავშირდა, რომელთა ნაწილი 1043 წელს კონსტანტინოპოლზე რუსთა თავდასხმაში მონაწილეობდა. მათ, ბიზანტიელთა მიერ დატყვევებულებმა, სამი წელიწადი გაატარეს ტყვეობაში. იმპერატორის ბრძანებით, ტყვე რუს-ვიკინგთა ერთი ნაწილი დაასახიჩრეს. დაქირავებული ვარიაგები პირველად რიონის დინებით სოფელ ბაშში დაბანაკდნენ. ბაგრატ IV-მ საქართველოში სულ 3000 ვიკინგი მოიწვია. გადამწყვეტ ბრძოლაში მეფემ მხოლოდ 700 ვარიაგი წამოიყვანა. როგორც ჩანს, დარჩენილ 2300 კაცს, მძიმე ტყვეობისგან ძალაგამოლეულებსა და დასახიჩრებულებს, ბრძოლა აღარ შეეძლოთ. ლაშქარმა ლიხის მთა გადმოიარა და დღევანდელი კასპის რაიონში, სოფელ სასირეთის ჭალასთან დაიბანაკა. ლიპარიტ ბაღვაში მოპირდაპირედ, მდინარე თეძმის მარცხენა მხარეს იყო გამაგრებული. ბრძოლის დაწყებას არც ერთი მხარე არ აპირებდა. ბაგრატ IV კიდევ ელოდა დამატებით ძალებს მესხეთიდან, მაგრამ ამ დროს საკუთარ სიმამაცესა თუ სიძლიერეში დარწმუნებულმა ვიკინგებმა, სარდლობასთან შეუთანხმებლად იერიში მიიტანეს ლიპარიტის ბანაკზე. ამან საქართველოს მეფე იძულებული გახადა, ბრძოლაში ჩართულიყო. ქართველი მემატიანე გაკვირვებით აღნიშნავს: `ვარანგები მესხებს აღარ დაელოდნენ და ლიპარიტს შეუტიეს. კლდეკარის ერისთავს ბიზანტიელთა გარნიზონები უმაგრებდნენ ზურგს. სისხლისმღვრელი შეტაკება მცირერიცხოვან ვიკინგთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქრის დამარცხებით დასრულდა. ევროპაში სახელგანთქმულმა ნორმანებმა მტკვრისა და თეძმის ხეობაში მარცხი იწვნიეს. ლიპარიტ ბაღვაშმა ვიკინგებს სამარცხვინო სასჯელი მიუსაჯა. მათ პური გააცხრილვინა, შემდეგ კი, ბაშში დაბანაკებულ თანატომელებთან გაისტუმრა. როგორც ჩანს, ლიპარიტმა ვიკინგებისგან უმთავრესი პირობა მიიღო, რიონის ნაპირებთან დაბრუნებისთანავე ისინი დარჩენილ 2300 მეომართან ერთად საქართველოს უნდა გაცლოდნენ. ეს იყო ერთადერთი სამხედრო ეპიზოდი, როცა ვარიაგები საქართველოში იმყოფებოდნენ. სასირეთის ბრძოლას შეიძლება ისტორიაში არც დაეკავებინა ისეთი გამორჩეული ადგილი, რომ არა მასში ვიკინგთა მონაწილეობა. ამის შემდეგ კიდევ ათ წელიწადს ლიპარიტ ბაღვაში და ბაგრატ IV უწინდებურად განაგრძობდნენ დაპირისპირებას, მაგრამ ვარიაგების მოწვევა არც ერთ მხარეს აღარ გახსენებია. ვიკინგი-ვარიაგი საქართველოში უძლეველი მეომრის სინონიმად ვერ იქცა, ხალხს კარგა ხანს ემახსოვრებოდა პურის საკაზმავად (პურის გასაცხრილად) დამსხდარი ვარიაგები, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ ლიპარიტ ბაღვაშის გულმოწყალებით მოახერხეს."

ნანახია: 155 | დაამატა: arqiteqtor | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024