სულიკო (სილოვან) კონსტანტინეს ძე ციმაკურიძე დაიბადა 1929 წლის 20 ივნისს ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საზანოში, სიმღერა დაიწყო ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ანსამბლში პარმენ ბუხაიძის ხელმძღვანელობით. ოჯახში ყველა მღეროდა. მამა, ბიძები, და-ძმები. სოფელ ქვედა საზანოს მდიდარი მუსიკალური ტრადიციები ჰქონდა. "აქ სახლობდნენ მაჭავარიანები, ბუცხრიკიძეები, ავალიშვილები, ძალზე ზრდილი ხალხი, აკადემიური მაგიდა იცოდნენ. ისეთ სიმღერებს მღეროდნენ მათ მოსმენას არაფერი ჯობდა. ყურში ახლაც მაქვს მათი ნამღერი, სწორედ მაშინ შემიყვარდა ხალხური სიმღერები”, ამბობდა ბატონი სულიკო.
1951 წლიდან ის იწყებს დამოუკიდებელ სალოტბარო მოღვაწეობას ხარაგაულის რაიონში. სულიკო ციმაკურიძის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხის ფოლკლორულ ანსამბლს – “ოდილას”, რომელსაც დაარსებიდან ჩვეული ენერგიით ხელმძღვანელობდა. ანსამბლი 1988 წელს ჩამოყალიბდა, თავდაპირველად მასში ცხრა კაცი მღეროდა, შემდეგ ექვსნი იყვნენ. მათი რეპერტუარის უმეტესობა თავად სულიკოს მიერ აღდგენილი იმერული სიმღერებია, მან გაქრობა-დავიწყებას გადაარჩინა და "ოდილას" რეპერტუარში დაამკვიდრა იმერული სიმღერის უამრავი ნიმუში.
ანსამბლს უმოგზაურია უკრაინაში, ბალტიისპირეთში და რუსეთში, ხშირად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ფოლკლორულ ღონისძიებაში. "ოდილას" ჩანაწერები ინახება საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში. 2006 წელს "ოდილამ" ჩაწერა კომპაქტ დისკი, რომელიც შვეიცარიაში გამოიცა.
ღირსების ორდენის კავალერი და საქართველოს ფოლკლორის ეროვნული პრემიის ლაურეატი - სულიკო ციმაკურიძე, რომელიც ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის მანძილზე ბურჯად ედგა იმერულ სიმღერას, გარდაიცვალა 2012 წლის 13 იანვარს. მისი გარდაცვალების შემდეგ ანსამბლი "ოდილა" ისევ აგრძელებს არსებობას, ხოლო ბატონ სულიკოს მიერ გაცოცხლებული სიმღერები კვლავ აგრძელებენ არსებობას მომავალ თაობაში.
ავტორი – გივი კურტანიძე
წყარო: folk.gov.ge
|