ძველ ხარაგაულელებს გემახსოვრებათ თუ როგორი იყო ადრე "მომღერლის წყარო". ამ ხელებაწეული კაცის ფორმის ბეტონის კონსტრუქციიდან ორის ნაცვლად წყალი სამ ადგილზე გადმოდიოდა, მესამე წყარო შუაში იყო დატანებული, რამაც ერთ საინტერესო წესს ჩაუყარა თურმე საფუძველი.
ხარაგაულში ჩამოსულ სტუმარს აუცილებლად აქ მოიყვანდნენ და სთხოვდნენ სამივე წყაროდან წყალი ერთდროულად დალიეო. ვინც მოახერხებდა, მოახერხებდა და ვინც ვერ მოახერხებდა, აუცილებლად ასწავლიდნენ. თუ ვინმე დაიკვეხნიდა, ხარაგაულში სტუმრად ვარ ნამყოფი და პური მაქ ნაჭამიო, აუცილებლად ჰკითხავდნენ "მომღერლის წყარო" ტესტი თუ გაქვს გავლილიო, ჰო და ვისაც "გამოცდა" ჩაბარებული ჰქონდა, ამბავსაც სიამოვნებით გაიხსენებდა ხოლმე.
წყლის სამივე წყაროდან დალევას კი მცირე მოხერხებულობა სჭირდებოდა, სირთულე მის სიმარტივეში იყო. მარჯვენა და მარცხენა წყაროებზე ცერა თითი უნდა დაგეფარებინათ და ღიად დაჩენილ შუა ონკანში დასწაფებოდით ანკარა სითხეს.

|