ლოტბარი და მომღერალი ივანე (ბიჭიკო) აბაშიძე დაიბადა 1906 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საზანოში. ივანეს დედა განთქმული მომღერლის ბახვა ფაღავას შვილიშვილი იყო და მათ ოჯახშიც ყველა მღეროდა. 1914 წელს ივანე ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში შეიყვანეს, სადაც სიმღერა-გალობას ბართლომე კუხიანიძე ასწავლიდა. 1918 წლიდან კი ზესტაფონის ახლადგახსნილ გიმნაზიაში გადმოიყვანეს. ივანე გიმნაზიის გუნდში მღეროდა. იმერული და მეგრული ხალხური სიმღერების ბავშვობიდანვე სისტემატიურად მოსმენა-შესრულებამ განაპირობა ივანეს მომავალი. 1923 წლიდან ივანე ჭიათურაში მუშაობდა და თან სანდრო კავსაძის გუნდში მღეროდა. ხუთ წელიწადში ისწავლა მრავალი სიმღერა და დაეუფლა საგუნდო-სალოტბარო ხელოვნებას. 20-იანი წლების ბოლოს პირველი დამოუკიდებელი გუნდი შექმნა ჭიათურის რაიონის სოფელ დიდ რგანში. პროფესიულ დაოსტატებაში ბევრს უმადლიდა საქართველოს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურ სახლსა (ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ძველი სახელწოდება) და მათ მიერ ხალხური გუნდების ლოტბართა კვალიფიკაციის ასამაღლებლად პერიოდულად მოწყობილ სამთვიან გადასამზადებელ კურსებს.
1930 წელს მარელისის გრეხილი ავეჯის ფაბრიკაში ჩამოაყალიბა გუნდი, რომელსაც ძირითადად ზემოიმერული სიმღერები შეასწავლა. მოგვიანებით ორჯონიკიძის (ხარაგაულის) სარაიონო და მარელისის ფაბრიკის კლუბთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები გააერთიანა და რეპერტუარი მივიწყებული იმერული ხალხური სიმღერებით შეავსო. ეს სიმღერები გრიგოლ კოკელაძესა და მიხეილ ჩირინაშვილს მანვე ჩააწერინა. ისინი დღემდე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელნაწერთა ფონდში ინახება. 1941 წელს სამამულო ომის დაწყებამ საგრძნობლად შეამცირა ივანეს გუნდის შემადგენლობა, მაგრამ არმიაში გაწვეულები სკოლის მოსწავლეებმა შეცვალეს და გუნდს მუშაობა არ შეუწყვეტია: მართავდნენ კონცერტებს მებრძოლთათვის სხვადასხვა ნაწილებსა და ჰოსპიტლებში. ომის შემდეგ ანსამბლი კვლავ გაძლიერდა, გაიზარდა შემადგენლობა და გადახალისდა რეპერტუარი. 1947 წლიდან ივანე აბაშიძე ორჯონიკიძის (ახლანდელი ხარაგაულის) რაიონის კულტურის სახლის დირექტორად დაინიშნა. მან მრავალი ნიჭიერი ლოტბარი გამოავლინა და აღზარდა: გენადი ბუაჩიძე, სულიკო ციმაკურიძე, პ. სახვაძე, ლ. ლურსმანაშვილი, მ. კამკამიძე და სხვანი.
ბიჭიკო აბაშიძემ 1966 წელს ხარაგაულის ხალხური ცეკვისა და სიმღერის 68 კაციანი ანსამბლი პირველად საბჭოთა კავშირის გარეთ, პოლონეთის ფესტივალზე გაიყვანა. მაშინ ხარაგაულის ანსამბლი სახელმწიფო ანსამბლის სახელით სარგებლობდა.
დაუღალავი და წარმატებული მოღვაწეობისათვის 1951 წელს ივანე აბაშიძეს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭეს. ივანე აბაშიძეს აქვს ოცამდე საკუთარი და გუნდისთვის გადამუშავებული ოცდაათამდე ხალხური სიმღერა; მან, როგორც მსახიობმა, ორჯონიკიძის (ახლანდელი ხარაგაულის) სახალხო თეატრში წლების მანძილზე მრავალი საინტერესო სასცენო სახეც შექმნა. ივანე (ბიჭიკო) აბაშიძე გარდაიცვალა 19?? წელს.