მდინარე ჩხერიმელას ხეობაში,მარჯვენა ნაპირზე, ხანდების კლდეში ყველა ხარაგაულელმა იცის, რომ არის გამოქვაბული, რომელსაც "დევისხვრელი" ეწოდება. თუმცა საინტერესოა თვალი გადავავლოთ თუ რა ცნობებს ვფლობთ ამ ისტორიული ძეგლის შესახებ.
მეცნიერების აზრით,"დევისხვრელი" ძველი ქვის ხანის პირველი ძეგლია საქართველოში, ადამიანების ბუნებრივი თავშესაფარი. აქ აღმოჩენილი ნაშთები მიეკუთვნება ზედა პალეოლითს, დაახლოებით 50-40 ათასი წლის წინა ეპოქას.
"დევისხვრელი" ზღვის დონიდან 340 მეტრ სიმაღლეზეა და წარმოადგენს 40 მეტრის სიღრმის კარსტულ მღვიმეს, შესასვლელის სიმაღლე 5 მეტრი სიგანე 4 მეტრი.
1926 წელს პროფესორმა გიორგი ნიორაძემ ხანდების კლდეში აღმოაჩინა პირველყოფილი ადამიანის ნაბინავები გამოქვაბული, სადაც ხუთი წლის მუშაობის შედეგად ქვის ხანის დიდძალი მასალა მოიპოვა.
1933 წელს გ. ნიორაძემ გამოაქვეყნა ნაშრომი: "პალეოლითის ადამიანი დევისხვრელში". ნაშრომომი გვაუწყებს, რომ იმ დროს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები უკვე დაუფლებული იყვნენ ქვის იარაღების, უმეტესად კაჟის დამუშავების მაღალ ტექნიკას. აკეთებდნენ კაჟის იარაღებს: საფხეკებს, საჭრისებს, სახვრეტებს, შუბის წვერებს და ა.შ. საფხეკების სხვადასხვა ჯგუფთან ერთად აღმოჩენილია კომბინირებული იარაღები (საჭრის-საფხეკები, სახვრეტ-საფხეკები), აღსანიშნავია ე.წ. გრავეტის ტიპის დანები, ძვლისა და რქის იარაღები. დევისხვრელში ნაპოვნია ცხოველთა ნაშთები, მაგალითად: გამოქვაბულის დათვი, ხარი, შველი, ჩრდილოეთის ირემი, გარეული თხა, გარეული ღორი, მგელი და ჩრდილოეთის თაგვი. როგორც ნიორაძე აღნიშნავს, ეს ფაუნა იმაზე მიუთითებს, რომ დევისხვრელის ადამიანის დროს ჰავა დღევანდელზე უფრო ცივი ყოფილა, რასაც მოწმობს ჩრდილოეთის ირემისა და ჩრდილოეთის თაგვის ნაშთების აღმოჩენა ფაუნისტურ მასალაში. ყურადღებას იქცევს წაბლისფერი დათვის ერთი კბილი, რომელსაც ფესვი ისე აქვს ჩაღრმავებული, რომ ადამიანს შეეძლო მისი ჩამოკიდება ძელზე და შესაძლოა მას ავგაროზის დანიშნულებაც ჰქონდა.
დევისხვრელში აღმოჩენილი ქვის იარაღთა კომპლექსიდან მეცნიერები აკეთებენ დასკვნას, რომ დევისხვრელის ადამიანები ჯგუფებად ცხოვრობდნენ და გაერთიანებული შრომით მოქმედებდნენ. კოლექტიური იყო, აგრეთვე, მათი მოქმედება მცენარეებისა და სხვა სახის საზრდოს შეგროვებისას.
აქ ნაპოვნი არქეოლოგიური მასალა ინახება ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო საისტორიო მუზეუმში, ხოლო გარკვეული ნაწილი ხარაგაულის საისტორიო მუზეუმში.
დევისხვრელზე მოთხრობილია წიგნში "ერთი წუთით შეჩერდი მგზავრო (ნ. ნავაძე, ზ. აბაშიძე თბილისი 1981 წ. გვ. 17)
ავტორი – გივი კურტანიძე
ზოგიერთი ცნობა გამოყენებულია ისტორიკოს ზეინაბ ბუაჩიძის ნაშრომიდან
ასევე ქ.თბილისის მე-15 საჯარო სკოლის ლიტერატურული ჟურნალიდან
|