მეორე მსოფლიო ომში, საქართველოდან გაწვეულ 700 000 ჯარისკაცს შორის რათქმაუნდა ხარაგაულის რაიონის შვილებიც იყვნენ. საამაყოა, რომ ექვსი მათგანი საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. ამ სტატიაში ერთ–ერთი გმირის, დავით ილიას ძე ბაქრაძის შესახებ მოგითხრობთ:
დავითი 1912 წლის 10 იანვარის ხარაგაულში დაიბადა. 1938 წელს დაამთავრა თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტი. ამავე წლიდან იყო სკკპ წევრი. 1940 წლიდან წითელ არმიაში იყო, ბელორუსიაში. აქ 1941 წლის დეკემბერში ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. 1942 წლის აგვისტოს საბჭოთა მეომრების ჯგუფთან ერთად ტყვეობიდან გაიქცა და ს. კოვპაკის პარტიზანულ რაზმს შეუერთდა. განვლო საბრძოლო გზა ათეულის მეთაურიდან პარტიზანული პოლკის მეთაურამდე. მონაწილეობა მიიღო 168 ბრძოლაში 1944 წლის 7 აგვისტოს მიანიჭეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.
ომის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო საბჭოთა და სამეურნეო თანამდებობაზე. 1965 წლიდან საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს ტრესტ "საქმარმარილოს" მმართველია. სსრკ II-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ავტორია წიგნებისა: "გმირთა სისხლით" (1950), "ძველ გზებსა და ბილიკებზე" (1965), "ლეგენდარული რეიდი" (1968). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, სამამულო ომის I ხარისხის, წითელი ვარსკვლავის, აგრეთვე პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის "ვირტუტი მილიტარის" I ხარისხის ორდენებით და მედლებით. სსრკ გმირი დავით ილიას ძე ბაქრაძე გარდაიცვალა 1977 წლის 8 დეკემბერს.