ამ დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში 2 დატვირთვა აქვს.
1989 წლის 9 აპრილი მიუთითებს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას. სისხლიან მოვლენებს მომხდარს საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას.
ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობსა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე.წ. ლიხნის ასამბლეის ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-31 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.
საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილი ათეულათასობით ქართველს, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, იმპერიის ტანკები და ალესილი ნიჩბები დაუპირისპირდა, დაიღუპა 21 ადამიანი.
მათგან ერთი ხარაგაულელი იყო – რესპუბლიკური საავადმყოფოს ელისო ჭიპაშვილი, სასწრაფო დახმარების მედდა. ...იმ ღამით ბავშვისთვის დაურტყავთ "სალდათებს" და იმ ბავშვს გადაფარებია ელისო, ახლა ელისოსკენ მიბრუნებულა რუსი, შეუძახნია, რას შვები! მე ორსულად ვარო! იმას კიდე გამეტებით დაურტყამს "ეშჩო ლუჩშეო".
ამ დღეს ათასობით მომიტინგე კი დღემდე უცნობი ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს, ბევრი მოიწამლა და დასახიჩრდა.
ამ ადამიანების სახელები სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში:
1991 წლის 9 აპრილს, ამავე წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი" საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. თავისუფლებას მოწყურებული ერისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ უპირველესად სულიერი და ეროვნული თვალსაზრისით. ამ დღემ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის და ქართველი ხალხის ბრძოლა დააგვირგვინა. ამ დღიდან დაიწყო საქართველოს ისტორიაში სრულიად ახალი, რთული გზა, რომელიც ქვეყანას დამოუკიდებლად უნდა გაევლო. მას შემდეგ ქართველი ერი ამ გზას ადგას და არ კარგავს რწმენას, რომ საქართველო ღვთის ნებით ისევ გაბრწყინდება. "სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. ცხრა აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!!! ფარავდეს ღმერთი!!! " – ზვიად გამსახურდია