ოთხშაბათი, 24.04.2024, 11:22
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2012 » იანვარი » 19 » ნათლისღება
14:35
ნათლისღება
    დღევანდელ დღეს უდიდესი საუფლო დღესასწაული აღინიშნება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში – ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. 
    ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა ფილიპემ  დღეს ტრადიციულად აღავლინა წირვა და წყლის კურთხევის ცერემონიალი.
    ყველა ხარაგაულელს გილოცავთ ნათლისღებას და გთავაზობთ საინტერესო სტატიას ამ დღესასწაულთან დაკავშირებით: 
    თითქმის ოცი საუკუნის წინ, ისრაელში, მდინარე იორდანეს ნაპირთან უდიდესი მისტიკური საიდუმლო აღესრულა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე, თავის წინამორბედთან, იოანესთან მივიდა, რომელიც იუდეველებს მდინარე იორდანეში ნათელს სცემდა სინანულის ნათლისღებით (მას მხოლოდ განსაწმენდი მნიშვნელობა ჰქონდა და არა მაცხოვნებელი დატვირთვა).  

უცოდველი იესო, ჭეშმარიტი ღმერთი, ხორცში მოსული, თავისი ქცევით გვეუბნება, რომ აუცილებელია ყველა მოკვდავმა გაიაროს ეს გზა და ნათელ იღოს. და კიდევ, იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში შესვლით აკურთხა წყლის სტიქია. თუ აქამდე წყალი მხოლოდ მატერიალურად განწმენდდა ადამიანს, იორდანეში უფლის შესვლით მას სულიერი განმწმენდის ძალაც მიენიჭა. ნათლისღება უფლისა მნიშვნელოვანი დღეა თვით ზეციური ანგელოზებისთვისაც კი, რადგან ქმნილების წინაშე ყოვლადწმინდა სამება ყველაზე ცხადად წარმოჩნდა, განცხადდა, რისთვისაც განცხადების დღესასწაულიც ეწოდება.    

ამ დღეს წყლიდან ამოსულ, ნათელღებულ მაცხოვარს სულიწმინდა მტრედის სახით დაადგა მხარზე, ხოლო ზეციდან მამა ღმერთის ხმა მოისმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ". დიახ! განცხადდა კაცთათვის ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო, უფალმა კი აკურთხა წყალი და ნათლისღების წმინდა საიდუმლოება დაგვიწესა. სამი წლის მერე, ზეცად ამაღლების წინ, მაცხოვარი ეტყვის თავის მოციქულებს და მათი სახით სამოციქულო ეკლესიას: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წართმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისა და წმინდისა სულისათა... რომელს ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს".

წმინდა ნათლისღებით ყოველ ადამიანს გაეღება ახალი აღთქმის ეკლესიის კარი. მხოლოდ ნათლობის შემდეგ გვეძლევა უფლება, მონაწილეობა მივიღოთ სამოციქულო ეკლესიებში აღსრულებულ საიდუმლოებებში.

ნათლისღების სასწაული. დიდი ძალა აქვს წმინდა ნათლისღებას, ამ დროს ჩვენში ახალი ადამი იბადება, სულიერად ვიშვებით. მონათლულზე სულიწმიდის მადლი გადმოდის.

324 წელს რომში მაქსიმიანეს ოცწლიან მეფობას აღნიშნავდნენ. ამ დღეს მრავალი გასართობი მიეძღვნა, მათ შორის თეატრალური სანახაობაც. სცენაზე ცნობილი კომედიანტი ჰენეზიც გამოდიოდა. იმპერატორისა და მაყურებელთა წინაშე მან ავადმყოფის როლი გაითამაშა და ყვიროდა: "ოჰ, მეგობრებო, მძიმედ ვარ, ნეტავ რითიმე შემამსუბუქა". "როგორ დაგეხმაროთ, ხომ არ გაგრანდოთ?" - ეკითხებოდნენ.

"სულელებო, გარანდვა კი არა, ქრისტიანად სიკვდილი მსურს, რათა ღმერთმა, ვითარცა მწირი, მიმიღოს". იხმეს მღვდლად და დიაკვნად გადაცმული კომედიანტები. 

"სნეულმა" იესოს მადლის მიღება ითხოვა ცოდვათა მისატევებლად და სულიერად ასაღორძინებლად. მათ ჰენეზი "მონათლეს". "ჯარისკაცებმა" იგი იმპერატორთან "დასაკითხად" მიიყვანეს, ვითარცა ქრისტეს რჯულის აღმსარებელი. ჰენეზი არ დაელოდა მის შეკითხვებს და ხმამაღლა აღმოთქვა: "ისმინეთ ჩემი, იმპერატორო და ყოველნო მსახურნო მისნო. ყოველთვის ვცდილობდი, შემელანძღა ამ სარწმუნოების წმინდა საიდუმლოებები. მე უარვყავი ჩემი ქრისტიანი მშობლები და ნათესაობა, ისე შევიძულე მათი რწმენა, რომ თქვენი სიამოვნებისთვის სცენაზე სამასხარაოდ გადმოვიტანე. მაგრამ როცა ნათლისღების წყალი გარდამესხა და შეკითხვაზე, "გწამს თუ არა", - ვუპასუხე, რომ მწამს, დავინახე ციდან დაშვებული ხელი, ბრწყინვალე ანგელოზნი, რომელთაც გადაეშალათ წიგნი და ჩემს ცოდვებს კითხულობდნენ. შემდეგ ეს წიგნი ამოავლეს ნათლისღების წყალში და მისი ფურცლები თოვლივით განსპეტაკდა. ამიტომაც, იმპერატორო და აქ დამსწრენო, იწამეთ ჩემთან ერთად იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი. იგია ის, ვინც გაგათავისუფლებთ ცოდვათაგან". გამწარებულმა იმპერატორმა ჰენეზის გაწკეპლა უბრძანა პრეფექტს: - აიძულე, ქრისტე უარყოსო. ჰენეზმა დაითმინა სატანჯველი. საბოლოოდ, ქრისტეს აღმსარებლობისთვის მას თავი წარკვეთეს.

1892 წელს, "ტომსკის ეპარქიის უწყებანი" წერდა: ერთი მოხუცი ალთაელი ცოლ-შვილზე ერთი წლით ადრე მოუნათლავთ მისიონერებს. ცოლ-შვილის ნათლობისას მისი ყურადღება მიიპყრო ეკლესიის გუმბათიდან დაშვებულმა უჩვეულო ნათლის სვეტმა, არადა მოღრუბლული დღე იყო. ნათლის სვეტიდან გამოდიოდა უამრავი ალი, გეგონებოდათ, სანთლები ლიცლიცებენო. ცეცხლის სვეტი ეშვებოდა ემბაზში, იფანტებოდა და აბრწყინებდა მას. ბერიკაცი ემბაზთან მივიდა ნათლის სვეტის შესახედად. სინათლე კი ერთ ადგილას შეიკრიბა ცეცხლოვანი კვერცხის სახით, ჩაეშვა ემბაზის ფსკერზე და გაქრა. ეს ამბავი მან მაშინვე მოუთხრო მისიონერებს. ეს ხილული დადასტურება იყო იმ მადლისა, რომელსაც იღებს და რომლითაც ბრწყინდება ახალნათელღებული.

დიდი აიაზმის წყალი. ნათლისღების დღესასწაულის მწუხრზე დედა ეკლესიამ დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევა დააწესა. ამ წყლისადმი ქრისტიანებს განსაკუთრებული სასოება აქვთ, მას მთელი წლის განმავლობაში ინაწილებენ და ყოველ დილით, როცა უფლის სისხლსა და ხორცს არ ეზიარებიან, დიდი აიაზმის წყალს მოსვამენ, რათა სულიერად არ მოუძლურდნენ.

ძველი ქართველები ამბობდნენ, ნათლისღებას აღებული უბრალო წყალიც არ იხრწნებაო. მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ყოველი მდინარის, ნაკადულის თუ ხევის წყალს ისეთივე მადლი ეძლეოდა, იორდანეს რომ მიეცა მაცხოვრის ნათლისღებისას.
ზოგიერთ სოფელში ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დაღვრიან. ზოგი კი ამ წყალს ახლობლების საფლავს მოასხურებს - ამგვარად თითქოს თავიანთი მიცვალებულებსაც აზიარებენ ღვთის განცხადების სიხარულს.

რწმენით მიღებულ დიდი აიაზმის წყალს სამკურნალო ძალაც აქვს. ბოლშევიკების საკონცენტრაციო ბანაკგამოვლილი დეკანოზი ბენიამინი (+1984) ჰყვებოდა: "როცა მამა იოანე კრესტიანკინთან ერთად ციმბირის ბანაკებში ხეებს გვაჭრევინებდნენ, მამა იოანეს ლოცვით სასწაული ხდებოდა. ლამის ფსკერამდე გაყინულ მდინარეში ნათლისღებისას წყალი ჩუმად ვაკურთხეთ. ამ წყლითა და ლოცვით წარმატებით ვკურნავდით პატიმრებს. ერთხელ ბანაკის უფროსს ბავშვი ავად გაუხდა. ექიმებს მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ. ვიღაცას უფროსისთვის ჩვენზე უთქვამს, - ბავშვთა ექიმები არიანო. სასოწარკვეთილმა კაცმა საშველად მიგვიხმო. ჩვენ მას ოთახიდან გასვლა ვთხოვეთ, პატარა შემოკლებული წესით მოვნათლეთ, ნაკურთხი წყალი შევასვით, ვილოცეთ და სასწაულიც მოხდა, მეორე დღეს სრულიად ჯანმრთელი ბავშვი ფეხზე დადგა".

მცირედ მორწმუნეობის ამბავსაც მოგიყვებით: ეს ამბავი ჩვენი დროის საქართველოში მოხდა. მესხეთში, ჭულევის მონასტრის მახლობლად ჩანჩქერი გადმოსჩქეფს. ამ წყალს აკურთხებენ ხოლმე ნათლისღებისას. იმ წელს თოვლმა და ყინვამ ვერ დააბრკოლა მორწმუნენი. ჩანჩქერში ყინული ამოტეხეს და მამა სტეფანემ (ახლა უკვე ეპისკოპოსი) დიდი აიაზმის წესით აღასრულა კურთხევა. ლოცვის შემდეგ ყველა შევიდა წყალში და განიბანა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მომაკვდავი ორი თვის ბავშვი მიეყვანა. მშობლებმა ისიც ჩააყურყუმელავეს წყალში. ერთმა მრევლთაგანმა, ნათიამ, არ მოისურვა განბანა - არ გავცივდეო და შინ დაბრუნდა. მოხდა სასწაული - მომაკვდავი ბავშვი სრულიად გამოჯანმრთელდა. ნათიას კი იმ ღამეს მაღალი სიცხე მისცა და კარგა ხანს იავადმყოფა...

ვულოცავთ ჩვენს მკითხველს უფლის ნათლისღების დღესასწაულს 19 იანვარი და ვუსურვებთ, ღვთის საიდუმლოებები განცხადდეს მათ სულებში. 


წყარო – gogaggg.com


აქვე იხილეთ ხილული სასწაულის ამსახველი ვიდეო ისრაელში, მდინარე იორდანეში


                          

ავტორი – გივი კურტანიძე

ნანახია: 1789 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: ნათლისღება | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024