პარასკევი, 29.03.2024, 04:25
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  მარტი 2016  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2016 » მარტი » 4 » მაქათუბნელი მეთუნე ზალიკო ბოჟაძე
19:43
მაქათუბნელი მეთუნე ზალიკო ბოჟაძე

ზალიკო ბოჟაძე "როცა თითებით თიხას ვზელ, გული ისე მღერის, როგორც კარგი ღვინო კარგ ქვევრში" 

 "თიხას ოსტატის ხასიათი აქვს"

 "ეს ქვევრები ჩემი შვილებია" 

 "ქვევრის დამტვრევით ჩემთვის პოემა ირღვევა, რომელსაც თიხით ვწერ"



  მის გაკეთებულ ქვევრში ჯერ არ გაჭედილა ვინმე, რომ გამოსაყვანად "ლავუაზიეს კანონის" გამოყენება დასჭირვებოდათ. არც იმხელა ქვევრი გაუკეთებია, პატრონს ღვინით ავსება რომ გასჭირვებოდა. ქვევრს რომ გაყიდის, გულში ილოცება, ცარიელი არასდროს გამყოფოს ღმერთმაო... 


მეთუნე ზალიკო ბოჟაძე ხარაგაულის რაიონის მეთუნეობით განთქმულ სოფელ მაქათუბანში ცხოვრობს. მას არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც იცნობენ. მეღვინეობის საერთაშორისო სიმპოზიუმზე იტალიაში ყოფნის დროს იქაური მეღვინეები გაიცნო, რომლებიც მას შემდეგ საქართველოდან ისე არ წავლენ, ზალიკოს არ ეწვიონ. მაქათუბანში მაშინ მივედი, როცა "ქვევრის სასახლესთან" (ასე ეძახის თავის სახელოსნოს) ქართულ-იტალიური ყიჟინა და იმერული ციცქას, ცოლიკაურის და ხაჭაპურის სურნელი იდგა. ზალიკომ იტალიური არ იცის, მაგრამ ამბობს, მეღვინეს და ქვევრის ოსტატს საკუთარი, ქვევრის ენა აქვთ. კარგი მეღვინე ქვევრს \ყურს რომ მიადებს და მკერდით მიეხუტება, მაშინვე გაიგებს მექვევრის სათქმელსო. 

ზალიკო ბოჟაძე: - ბაბუაჩემი განთქმული კრამიტის ოსტატი ყოფილა. კილომეტრებს გადიოდა კარგი თიხის მოსატანად, რომ მისი კრამიტი საუკეთესო ყოფილიყო. მთავარია მიწის, თიხის ხარისხი. როგორც ქვევრს, კრამიტსაც კარგი მიწა სჭირდება, რომ წყალი არ გაატაროს, ყინვამ არ დაშალოს. თიხას კარგად ვიცნობ, ჩვენ, მთელი ცხოვრებაა, ერთად ვსუნთქავთ და ვიცი, რისგან რისი მიღება შეიძლება. ხარისხია მთავარი, რომ შენმა ნახელავმა საუკუნეებს გაუძლოს. 

- ამბობენ, რომ ძველი ქართული აგური განსაკუთრებულია, ახლა ასეთს აღარ ამზადებენ... 
- წინათ არ მამაძაღლობდა თიხის ოსტატი, საქმეს სიყვარულით აკეთებდა, რადგან იცოდა, რომ უხარისხო პროდუქციას ვერ გაყიდდა და ვერც სახელს მოიხვეჭდა. ოსტატს ფულიც ჰქონდა და ნამუსიანი კაცის სახელიც. ახლა მწარმოებლები ხარისხით კი არა, ენით ცდილობენ ადამიანების გულის მონადირებას. ხალხსაც სჯერა ეკრანიდან გაგონილი მომაჯადოებელი სიტყვები და ცუდი ხარისხის პროდუქციას ყიდულობენ.

- ამბობენ, თიხას ხასიათი აქვსო...
- როცა თიხას ვზელ, ჩემს ფიქრსა და ემოციას ვატან, ამიტომაც ოსტატის ხასიათი აქვს თიხის ნაწარმს. ეს ქვევრები ჩემი შვილებია. თუ ჩემი დამზადებული ქვევრის გატეხვის ამბავს შეEვიტყობ, ასე მგონია, შვილს რაღაც დაუშავდა. წარმოიდგინეთ, მწერალმა დაწერა პოემა და უცებ ერთი ფურცელი ვიღაცამ ამოუხია, დაუწვა, წაუშალა... ვიღაც იტყვის, ერთი ფურცელი რა დიდი ტრაგედიააო? მე კი ვამბობ, აბა, მწერლის გულში ჩაიხედეთ, ხომ დაირღვა ემოციათა ნაკადის ჯაჭვი? 

ქვევრის დამტვრევით ჩემთვისაც პოემა ირღვევა, რომელსაც თიხით ვწერ. 

- შვილებს თუ აინტერესებთ თქვენი საქმე?
- სამი ვაჟი მყავს, სამივემ იცის ეს საქმე, მაგრამ ახლა უმაღლეს განათლებას იღებენ. 

- რა დროა საჭირო, ოსტატი რომ გახდე?
- ნიჭიერი ადამიანი თავის ხელწერას მოკლე დროში ამჟღავნებს. შესაძლოა, ასი წელი ისწავლო, მაგრამ მაინც ვერ ივარგო ოსტატად. 

- წლის განმავლობაში რამდენ ქვევრს ამზადებთ? კარგად იყიდება?
- სხვადასხვა მოცულობის 50-60 ქვევრს ვამზადებ. ყველა არ იყიდება, მაგრამ თუ ქვევრი ხარისხიანია, მას დრო ვერაფერს აკლებს, შესაძლოა, წლების შემდეგ გაყიდო. ზოგჯერ ფული არ ჰქონია კაცს და პროდუქტი მოუცია ქვევრის ნაცვლად. იყო დრო, როდესაც ქვევრზე დიდი მოთხოვნა იყო, მერე უხარისხო ღვინის კეთება დაიწყეს და ქვევრი ნაკლებად აინტერესებდათ. ახლა საქმე უკეთესობისკენ მიდის, კვლავ ფასდება ქვევრის ღვინო. ცუდი ის არის, რომ მიწის მოტანა გაჭირდა, შორს, თიხის მოსაჭრელ ტერიტორიებზე მისასვლელი სამანქანო გზები მოიშალა. ამბობენ, თიხა ბუნებრივი ფილტრია, სითხე იწმინდება მასში გავლის დროსო. ჩემი გულის ფილტრიც ეს არის. როცა თითებით თიხას ვზელ, გული ისე მღერის, როგორც კარგი ღვინო კარგ ქვევრში ჩასხმისას. 


სტატიისც წყარო: ვებგვერდი kvirispalitra.ge

ახლა კი გთავაზობთ ნაწყვეტს აჭარის ტელევიზიის გადაცემიდან, სადაც მეთუნე ზალიკო ბოჟაძეზე მოგვითხრობენ.

 

 

ამ ვიდეოს დიდი დაინტერესება მოჰყვა, განსაკუთრებით დაინტერესდნენ უცხოელები, ვიდეო ამ დროისათვის უკვე 500 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ნახა. ძირითადად აღფრთოვანებას გამოხატავენ მეთუნის ოსტატობით და აინტერესებთ ქვევრის გამოწვის მეთოდი.

* * *

2013 წელს "იუნესკომ"  "ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ, ტრადიციულ მეთოდს" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ამის აღსანიშნავად 2016 წლის 1 მარტს აღნიშნულ ორგანიზაციას ქართულმა დელეგაციამ სამახსოვროდ ქართული ქვევრი (ჭური) გადასცა წარწერით "საქართველო";  ეს ქვევრი ჟენევაში, გაეროს შენობის ეზოში დაიდგა, ხოლო ამ ამბავში ჩვენთვის დამატებით საინტერესო ის არის რომ ეს ჭური სწორედ ზალიკო ბოჟაძის მიერაა დამზადებული.

ფოტოები აღებულია ბლოგიდან: revija-vino.si

 

ნანახია: 2887 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: ქვევრი, ჭური, ზალიკო, მაქათუბანი, მეთუნე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024