შაბათი, 20.04.2024, 17:04
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  თებერვალი 2017  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2017 » თებერვალი » 9 » მაისუროვი
19:13
მაისუროვი

   ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია ტოპონიმი “მაისუროვის ბაღი”, მაგრამ რეალურად არ იცის თუ სად მდებარეობს და რა საინტერესო ისტორიის მატარებელია ეს ადგილი.

 “მაისუროვის ბაღი” სახელწოდებაა იმ ადგილისა, რომელიც მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სახვლარის ნასოფლარის სიახლოვეს, აქ შეამჩნევთ ვაშლის, მსხლის და კაკლის ხეებს, აქვე აგებულია ტყე-პარკის თავშესაფარი.

ამ ადგილის შესახებ არსებობს როგორც ზეპირი, ასევე დოკუმენტური წყაროები:

ამონარიდი გაზეთიდან ,,საქართველო" 1915 წელი, 14 ივლისი, N 43, ავტორი - “ფარცხნალელი”

“სახვლარი”, სადაც ნაქალაქები და ბევრი ნასოფლარია, ჭალა ადგილია, ყველა კუთხიდან მაღალი მთების წვერები დასცქერის. აქ ზაფხულობით ცხოვრობს შორაპნის მაზრის ტყის უფროსი (ლესნიჩი) ბატონი მაისურაძე (მაისუროვი).

ამონარიდი სტატიიდან “ხარაგაული, რკინის ჯვრის საიდუმლო” 21.08.2009, ავტორი - ვანო პავლიაშვილი

“მაისუროვი ერთი ჭლექით დაავადებული კაცი ყოფილა, ამიტომაც თვისტომს აუთვალწუნებია და გაურიყავს. ჭირიანი კაცი მთაში წამოსულა, განკურნებულა, მშვენიერი ბაღიც გაუშენებია. ეს კი არადა, ფუტკრის სკაც, თურმე, მაისუროვმა “გამოიგონა”…

2016 წლის ზაფხულში კიდევ ერთხელ ვიმყოფებოდი ამ ადგილებში და შევძელი ხალხში შემორჩენილი რამოდენიმე ზეპირი მოგონებაც ჩამეწერა:

როგორც მიამბეს, ივანე მაისურაძე (შემდგომში მაისუროვი) აგრონომი ყოფილა, მას ამ უნიკალურ ადგილზე გაუშენებია ულამაზესი ბაღი, რომელიც სავსე იყო სხვადასხვა სახის ხე-ხილით და მცენარეებით. მას გამოუყვანია ვაშლის და სხვადასხვა ხილის უნიკალური ჯიშები. ეწეოდა მეფუტკრეობას, ჰქონია კავშირები ევროპაში, შემოუტანია ფუტკრის სკის თანამედროვე მოდელი, კერძოდ ფიჭის ჩარჩოები, რომლის გარეშეც დღევანდელი მეფუტკრეობა წარმოუდგენელია.

მის საცხოვრებელ სახლში დაცული ყოფილა მისი ნაშრომები, ინახავდა უნიკალურ ჰერბარიუმებსა და კოლექციებს.

მიამბეს, რომ მისი სახლში რამოდენიმეჯერ შეჭრილან და დაურბევიათ ძარცვის მიზნით, თუმცა იქ ზემოთხსენებული კოლექციების გარდა ვერაფერი აღმოუჩენიათ, თუმცა არც ის არ დაუნდიათ, რის გამოც მისი პირადი ნივთები შემორჩენილი აღარ არის.

ცნობილია, რომ მაისუროვი ქველმოქმედიც იყო, ის გულუხვად ეხმარებოდა ადგილობრივ მოსახლეობას როგორც მატერიალურად, ასევე ცოდნითა და გამოცდილებით.

ივანე მაისუროვის მოღვაწეობის შესახებ დაწვრილებითი ნარკვევი ეკუთვნის ხარაგაულის სოფელ ვერტყვიჭალის მკვიდრს, ბატონ თემურ ბლუაშვილს.

  2007 წელს ბატონმა თემურმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით “ღვაწლი კაცისა”, რომელიც ივანე მაისურაძეს და მის მოღვაწეობას ეძღვნება.

  როგორც წიგნში ვკითხულობთ, ივანე მაისურაძე დაბადებულა ქალაქ ახალციხეში 1860 წელს, წინაპრები წარმოშობით რაჭიდან ყოფილან, მამას რაფიელი რქმევია, რომელიც სახელმწიფო მოხელე ყოფილა მესხეთ-ჯავახეთში.

 1869 წელს, 9 წლის ივანე სასწავლებლად თბილისში ჩაუყვანიათ და ე.წ. რეალურ სასწავლებელში მიუბარებიათ, სადაც წარმატებით უსწავლია.

  1880 წელს, რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ივანეს სწავლა სანკტ-პეტერბურგში გაუგრძელებია - სამხატვრო აკადემიაში, თუმცა შემდეგ სატყეო მეურნეობის ინსტიტუტში გადასულა, სადაც წარმატებით დაუფლებია სატყეო საქმეს და ბიოლოგიას.

  ივანეს პეტერბურგის სასწავლებელში სწავლა 1886 წელს დაუმთავრებია და საქართველოში ჩამოსულა, იმავე წელს ქუთაისის გუბერნიის სატყეო უწყებაში დაუწყია მუშაობა. ოთხ წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, ივანე 1890 წლის 27 ივლისს შორაპნის მაზრის სატყეოს უფროსად დაუნიშნიათ. აღნიშნული უწყება ძალიან დიდ ტერიტორიებს მოიცავდა ხარაგაულიდან ჭიათურის ჩათვლით. ივანეს ამ თანამდებობაზე წარმატებით უმუშავია 42 წლის მანძილზე.

ამ პერიოდში ივანე მაისურაძე ხარაგაულში, კერძოდ კი სოფელ ლეღვანში დასახლებულა. დაუწყია ზრუნვა მაფუტკრეობის განვითარებისთვის, თავდაპირველად უცდია დაფინანსება სახელმწიფოსგან მიეღო, თუმცა ეს საქმე არ გამოსულა, მაგრამ უკან მაინც არ დაუხევია და ხარაგაულის რაიონის სოფელ სახვლარში, 1892 წლისათვის მეფუტკრეობის ამხანაგობა საკუთარი სახსრებით ჩამოუყალიბებია.

თურმე მანამდე მთელს მაშინდელ ზემო იმერეთში ფუტკარს ყველა ძველებური წესით, ე.წ. “კოდებში” აშენებდა. თაფლის ამოსაღებად ამ კოდებში წყალს ასხამდნენ რომ ფუტკარი დამხრჩვალიყო. ამოღებული თაფლი დაბალხარისხიანი იყო შენარევების გამო, ფუტკრის ოჯახები კი მთლიანად ნადგურდებოდა.

ივანე მაისურაძეს საფუძველი ჩაუყრია მეფუტკრეობის ახალ წესისთვის, გაუზიარებია რა მაშინდელი რუსი მოწინავე მეფუტკრეების გამოცდილება და მეთოდები. შემოუტანია სკები, ჩარჩოები და თაფლის გამოსახდელი მანქანა. მცირე დროში სახვლარში უკვე 150 ოჯახი ფუტკარი გაუშენებია. დაუწყია ხელოფნური ფიჭების დამზადებაც, რისთვისაც სპეციალური დანადგარი გამოუწერია ევროპიდან. მოუწყვია სახელოსნო მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარის დასამზადებლად, აუმოქმედებია მექანიკური სახერხი, რომელსაც წყლის ენერგია ამოძრავებდა. ყოველივე ამის სანახავად სახვლარში მოდიოდნენ სხვადასხვა რეგიონებიდან, ხოლო სანიმუშო სკები და ხელოფნური ფიჭები იგზავნებოდა არა მარტო დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაშიც. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე-19 საუკუნის ბოლოს, ივანე მაისურაძის დაუღალავი შრომის წყალობით სოფელ სახვლარში მეფუტკრეობა მოწინავე პოზიციაზე მდგარა მთელს ამიერკავკასიაში.

მაისურაძე მიღწეულ წარმატებაზე გაჩერებას არ აპირებდა, ის თურმე ტფილისში სწვევია მეფისნაცვალს და მისგან ფულადი მხარდაჭერა მოუპოვებია. სახელმწიფოსგან 3 ათას მანეთამდე თანხა უნდა გამოყოფილიყო და სახვლარში უნდა გახსნილიყო მეფუტკრეობის საცდელი სახელმწიფო სკოლა-მეურნეობა. სამწუხაროდ დაპირება ვერ შესრულებულა, როგორც წიგნში წერია პირველი მსოფლიო ომის დაწყებას შეუშლია ხელი ამ საქმისთვის.

ამ პერიოდში მაისუროვის მეფუტკრეობის შესახებ ქართული გაზეთებიც აქტიურად წერდნენ. გაზეთი “ივერია” - 1895 წლის 20 ოქტომბერი, გაზეთი “კვალი” - 1900 წლის 14 მაისი და “სახალხო გაზეთი” 1913 წლის 19 მაისი, რომელიც წერს, რომ მოგების ზრდის გამო სოფელ სახვლარის მოსახლეობამ უკვე თაფლის გაყიდვასაც მიჰყო ხელიო: ისინი წელიწადში 15-20 ფუთ თაფლს ჰყიდიანო.

მეფუტკრეობის გარდა ივანე მაისურაძეს მებაღეობა-მებოსტნეობის განვითარებისთვისაც მიუყვია ხელი. ზემო იმერეთში შემოუტანია კომბოსტო, კარტოფილი და სოია. ის ნერგავდა მიწათმოქმედების მოწინავე ტექნოლოგიას, რაც ჰორიზონტალურ კვლებში თესვის მეთოდს გულისხმობდა. ამ მეთოდით ბევრად უფრო მეტი მოსავალი მოდიოდა. სოფელ სახვლარში ვაშლისა და მსხლის კულტურული ჯიშებისგან ხეხილის ბაღიც გაუშენებია, რომლის კვალიც დღესაც არის შემორჩენილი “მაისუროვის ბაღის” სახელით.

ხარისხიან თესლეულს მაისუროვი საკუთარი სახსრებით იღებდა მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ამსტერდამიდან და იაპონიიდანაც კი, ხოლო მოსახლეობაში თურმე უფასოდ არიგებდა. ხალხს უხილავს რა ახალი კულტურების სარგებლიანობა, თავადაც დაუწყია მათი მოყვანა და გაყიდვა. საბოლოოდ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებსაც ხელი შეუწყვია კარტოფილის და სოიას უხვ მოსავლიანობას და მალე მყარად მოუკიდებია ფეხი ზემო იმერეთის სხვადასხვა სოფლებში. სახვლარში, მარელისში და ლეღვანში იმდენი კარტოფილი მოსულა, რომ ვაგონებით, ტონობით იგზავნებოდა გასაყიდად ზესტაფონსა და დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებში, ხოლო სოიოს უხვი მოსავლის გამო ზესტაფონში ერთ ხანს სოიოს ყავის დამამუშავებელი ფაბრიკაც გახსნილა.

კიდევ ერთი სფერო, რაშიც ივანე მაისურაძე აქტიურად მოღვაწეობდა ყოფილა ჯანდაცვის სფერო. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ზემო იმერეთის სოფლებში ჭირდა როგორც ექიმი, ასევე მედიკამენტი. მოსახლეობის ინტერესებისათვის დაუღალავად მებრძოლ მაისუროვს 1895-96 წლებში ლეღვანში კერძო აფთიაქი გაუხსნია, რომელიც ათ წელზე მეტ ხანს ემსახურებოდა ახლომახლო სოფლების მოსახლეობას.

  მაისუროვის გარჯით სკოლა გახსნილა სოფელ სახვლარში, ივანეს შეუძენია სახელმძღვანელოები და დაუქირავებია მასწავლებელი.

  ივანე მაისურაძე უვლიდა სოფლის გზებს, მოსახლეობის დახმარებით მოუხერხებია მარელისის სადგურისა და სახვლარის დამაკავშირებელი გზის გაჭრა.

  1905 წლის რევოლუციის დროს გლეხობა ტყეში შესულა და ხის ძვირფასი ჯიშების მოჭრა დაუწყია, რის გამოც თავად გიორგი ამილახვარს მათთვის უჩივლია 60 ათასი მანეთის ანაზღაურების მოთხოვნით. ივანე მაისურაძის ძალისხმევით მომხდარა აღნიშნული საკითხის შესწავლა, რის შედეგადაც დადგენილა, რომ ზარალი 60 ათასი კი არა, მხოლოდ 4 ათასი მანეთი იყო, ხოლო აქედან 2 ათასის თავად ამილახვარის მოურავს გაუყიდია. ცხადია დარჩენილი 2 ათასი, მოსახლეობისთვის იოლი გადასახდელი იქნებოდა.

გლეხობის მიმართ ერთგულების და მათი ინტერესების თავდაუზოგავი დაცვის გამო, ივანე მაისურაძეს ცხადია მტრები გასჩენია. 1905 წლის მარტში ხუთ შეიარაღებულ ყაჩაღს (წაქეზებულებს და არა აქაურებს) დაურბევიათ ლეღვანში მდებარე ივანეს სატყეო მეურნეობის კანცელარია, სადაც სხვა ძვირფას დოკუმენტებთან ერთად მეფუტკრეობის სახელმძღვანელოს გამოსაცემად მომზადილი მასალები ინახებოდა, გაუძუარცვიათ და გადაუწვიათ მისი საცხოვრებელი სახლი, სადაც განადგურებულა წლების მანძილზე შეგროვილი ძვირფასი ჰერბარიუმები, ბიბლიოთეკა და აფთიაქი. შემდეგ ფული მოუთხოვიათ - წინააღმდეგ შემთხვევაში სახვლარის საფუტკრეს გავადადგურებთო. ივანე ცხადია იძულებული გამხდარა მოთხოვნილი თანხა გაეღო.

1921 წლის მარტში კიდევ ერთხელ დაურბევიათ მაისუროვის საცხოვრებელი. ამჯერად იგი თურმე მარელისის რკინიგზის სადგურის ახლოს ცხოვრობდა, 1914 წელს აგებულ სატყეოს სახელმწიფო სახლში. ამჯერდ მძარცველები სოფლის მკვიდრნი ყოფილან, გაუნადგურებიათ ენციკლოპედიები, ჟურნალ-გაზეთები, ქართული და რუსული სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა, ამოუჩეხიათ და წაუღიათ ფანჯრები. რევკომს დამნაშავეები დაუჭერია, თუმცა ივანეს ისინი შებრალებია და დასახვრეტად განწირულნი გაუთავისფლებინებია.

1926 წელს, საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის ყრილობაზე ივანე მაისურაძისთვის საქართველოს სახალხო მეტყევის წოდება მიუნიჭებიათ.

ივანე მაისურაძე გარდაცვლილა 1942 წელს 82 წლის ასაკში და დაუკრძალავთ ხარაგაულის ტერიტორიაზე, თუმცა საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.

ივანე მაისურაძის მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს მხარეში, თავის დროზე პირადად მეც დიდი ინტერესით გავეცანი დაწვრილებით ცნობებს მის შესახებ, ხოლო ამ სტატიით შევეცადე ხარაგაულელებისთვისაც გამეცნო და შემეხსენებინა. სამწუხაროდ ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მხოლოდ მისი პორტრეტია დაცული, ზემოთ ჩამოთლილი მიზიზების გამო პირადი ნივთებიდან აღარაფერია შემორჩენილი. აქვე დიდი მადლობა ბატონ თემურ ბლუაშვილს, ვინც შეძლო და ამ ღვაწლმოსილი ადამიანის შესახებ ძვირფასი მასალები შეაგროვა და წიგნში ასახა.

სტატიის ავტორი გივი კურტანიძე. 10 თებერვალი 2017 წ.

გამოყენებული ლიტერატურა - “ღვაწლი კაცისა” ქუთაისი 2007 წ. ავტორი თემურ ბლუაშვილი

ნანახია: 2843 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: მაისუროვი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024